თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საბერძნეთის ქალაქ სალონიკში 55 წლის ქართველი ქალი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ ბერძნულ მასმედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი თავისივე საცხოვრებელ ბინაში ასევე ქართველმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, დანით მოკლა. მსხვერპლს ასევე აღენიშნება მკვრივი საგნით მიყენებული არაერთი დარტყმის კვალი.
პოლიციას, რომელიც მეზობლებმა გამოიძახეს, ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მეზობლების თქმით, ქალის ბინიდან ხშირად ისმოდა ყვირილისა და ჩხუბის ხმა, რადგან მამაკაცს, რომელიც ქალთან ერთად ცხოვრობდა, ალკოჰოლთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
მამაკაცი საბერძნეთის პოლიციამ შემთხვევიდან მალევე დააკავა.