COVID-19 - ბოლო ცნობები

კულუმბეგოვი: პლატოს პერიოდში ვართ

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საქართველოს რომ ამის ეკონომიკური შესაძლებლობა ჰქონდეს, ახლა უნდა იყოს ძალიან მკაცრი „ლოკდაუნი“, რადგან გარდაცვალების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.924-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 523.022-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 458.265 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.777), გარდაიცვალა – 6.891 (ბოლო 24 საათში – 60).

„სამწუხაროდ, ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ აქვს. გვესმის, რომ ადამიანის ლუკმაპური დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან და ბიზნესთან, ტურისტულ სეზონთან და ა.შ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის შეზღუდვები, რომლებიც დაემატა, სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ამას ეპიდემიის ტრაექტორიაზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰოსპიტალური სექტორის რესურსი შეზღუდულია და საწოლების მობილიზება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მაგრამ, მისი თქმით, ეპიდსიტუაცია „პლატოს“ ნიშნულს უახლოვდება.
ჟანგბადის მარაგის მობილიზებაში აზერბაიჯანი და თურქეთი გვეხმარებიან – თამარ გაბუნია
„რეალურად ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვის ნიშნულზეა. თუმცა ინფორმაციიდან, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მსოფლიოს სხვადასხვა ინსტიტუტებზე დაყრდნობით სახელმწიფოს და მთავრობას აწვდის, ჩანს, რომ პიკის პერიოდი გარკვეულწილად გადავლილია... რაღაც ეტაპზე ბუნებრივადაც მოხდება სტაბილიზება, რადგან ამ ინფექციას ახასიათებს სამ-ოთხკვირიანი ტალღა, შემდეგ გარკვეულწილად პლატოს პერიოდი იწყება. რეალურად უკვე ჩანს, რომ პლატოს პერიოდში ვართ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
ამასთან, კულუმბეგოვმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ საკუთარ თავსაც და სახელმწიფოსაც დავეხმაროთ, არის ვაქცინაციის ინტენსიფიკაციის პროცესი“, – განაცხადა იმუნოლოგმა.
ვირუსი უფრო საშიში ხდება, აიცერით! – ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებს
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო 100 ათას მოსახლეზე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ სამეულშია.
ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ რამდენიმე შეზღუდვა დააწესა, კერძოდ, შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად აიკრძალა ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება; აიკრძალა ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა; კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 22:00 საათამდე (დღემდე კვების ობიექტები 23:00 საათამდე მუშაობდნენ).
შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.