განახლდება თუ არა სწავლა სკოლებში: გამყრელიძის განმარტება

საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა, სპეციალისტების პროგნოზით, შესაძლოა სწავლა კვლავ დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაგრძელდეს.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. არსებული ეპირდვითარების გათვალისწინებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს, განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, 12 წლიდან მოზარდთა იმუნიზაციის პროცესი დაიწყოს.

„თუ ბავშვების და მოზარდების იმუნიზაცია არ ჩატარდა, ისე საბოლოო წერტილი პანდემიას ვერ დაესმება. ბავშვები ყველაზე მეტად არიან გამავრცელებლები“, – განაცხადა გამრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველო ბავშვთა იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება.
„ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანმოს მიხედვით ვიღებთ, იქ მიმდინარეობს 12 წლის ზემოთ ბავშვების იმუნიზაციაზე საუბარი, სექტემბრის ბოლოს კი გადაწყვეტილება იქნება ცნობილი. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შიდა განხილვების ფარგლებში ეს საკითხები მიმოვიხილოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
როდის დაიწყება საქართველოში 12 წლის ასაკიდან ვაქცინაცია – გაბუნიას განმარტება
მისი ინფორმაციით, მსოფლიოში უკვე 25-მა ქვეყანამ დაიწყო ბავშვების აცრა Pfizer-ის ​და Moderna-ს ვაქცინებით.
„პირველი იყო კანადა, იმუნიზაცია აქტიურად მიმდინარეობს აშშ-ში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, ავსტიაში, ისრაელში. საგულისხმოა, რომ ჩინეთმა დაასრულა დიდი კვლევები 3-დან 18 წლის ასაკამდე ბავშვებში. ახალი შტამები სულ უფრო საშიში ხდება ბავშვებისთვის და ეს საკითხი უფრო აქტუალურია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ვაქცინაციის ტემპი მატულობს – როგორია ეპიდვითარება საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 24 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად ჩატარდა 1.010.096 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 306.151 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.924-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 523.022-ს მიაღწია.