რატომ გაათავისუფლეს ირაკლი ბაღდავაძე – „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადება

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაემიჯნენ ირაკლი ბაღდავაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ის სიცრუეშიც დაადანაშაულეს.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ირაკლი ბაღდავაძე დასუფთავების სამსახურის შრომითი კოლექტივის გაფიცვის უკანონოდ ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირებისა და მათ მიმართ მუქარის გამო გათავისუფლდა, ნათქვამია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„კომპანიის მიერ ჩატარებული შიდასამსახურებრივი მოკვლევის საფუძველზე დადგენილია ირაკლი ბაღდავაძის მიერ ზემოთ აღნიშნული დარღვევების ჩადენის ფაქტები, რის გამოც მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კომპანიის ყოფილი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლების გამო პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობას იწყებს.
დღეს ბაღდავაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად მშრალ შიმშილობას დაიწყებს.
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები: ეს განცხადებები ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო
მანამდე ირაკლი ბაღდავაძის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ კომპანიის სხვა თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ეს განცხადებები კოლეგებისთვის შეურაცხმყოფელი იყო. კოლეგებმა ის ასევე ტყუილში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ.
ამასთან, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მან განაცხადა, რომ მეეზოვეების ფორმებს თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლის კომპანია კერავს. ბაღდავაძის განცხადებით, მას აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთ სამკერვალოში მიაწოდეს, სადაც დახეული ფორმის შესაკეთებლად მივიდა. აღნიშნული ინფორმაცია ანუკი არეშიძის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდმა ANOUKI-მ კატეგორიულად უარყო.
მუნიციპალური სამსახურის „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა 7 აგვისტოს გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კერძოდ სპეცტექნიკისა და უნიფორმის შეცვლას ითხოვდნენ.
„თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროფკავშირების წარმომადგენელი ესწრებოდა.
კერავს თუ არა მეეზოვეების უნიფორმებს თბილისის მერის მეუღლე: არეშიძის განმარტება
პროფკავშირების ინფორმაციით, შეხვედრაზე დასაქმებულების 7-პუნქტიანი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შვიდიდან ექვსი პუნქტი, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებზე კონკრეტული თარიღების მითითებას ითვალისწინებდა, აგვისტოს თვის ბოლომდე დაკმაყოფილდებოდა, ხოლო მე-7 პუნქტი – ხელფასის გაზრდა – 1 იანვრიდან.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მიღებულ გადაწყვეტილებას დათანხმდნენ, გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაოს დაუბრუნდნენ.