თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. პოლიციამ ქალაქ ბორჯომში მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბორჯომში მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მასთან სტუმრად მყოფ ნაცნობ პირს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სასიკვდილო ჭრილობების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული „ცხელ კვალზე“, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.