ბოლო სამ კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 20-მდე დაწესებულება დაილუქა

საქართველოში ათ კაცზე მეტი პირის მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებები აკრძალულია. მათ შორის ეს ეხება ქორწილებს, ქელეხებსა და იუბილეებს.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ბოლო სამი კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართალდარღვევის 35 ფაქტი გამოვლინდა, დალუქულია 20-მდე დაწესებულება, განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ.
იმნაძე: შესაძლოა არსებული რეგულაციები გამკაცრდეს>>
ფერაძის განცხადებით, ხორციელდება როგორც კონკრეტულად ღონისძიებების და თავშეყრის ადგილების, ისე ყველა სხვა მიმართულებით მონიტორინგი.
„ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს, მაგრამ ფაქტია, რომ გვაქვს არა მხოლოდ რესტორნების და გასართობი ღონისძიებების მიმართულებით დარღვევები, არამედ სხვა მიმართულებითაც. ჩვენ მონიტორინგი გავამკაცრეთ სუპერმარკეტებში, ბაზრობებზე, ყველა სხვა მიმართულებით განხორციელდება მონიტორინგი“, – განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა.
ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შრომის ინსპექცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე უფლებამოსილია დაკეტოს სარიტუალო დარბაზი ან რესტორანი, ასევე აუკრძალოს მათ აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად განკუთვნილი აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება.
საქართველოში აიკრძალა ისეთი მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, სადაც ათ კაცზე მეტი მონაწილეობს. იგივე შეზღუდვა ეხება ქორწილებს, ქელეხებს და იუბილეებს.
შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით აჯარიმებს, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი ილუქება.