თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 2021 წლის პირველ 6 თვეში ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 1,570.244 ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
Sputnik-საქართველო გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს
1. სიჩქარის გადაჭარბება
2020 წელს ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.
1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა სულ 455.134 ჯარიმა - 50 ლარი.
2. პარკირების წესების იგნორირება
მეორე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება.
ასეთი დარღვევისთვის 2021 წლის პირველ 6 თვეში გამოიწერა 280.582 ჯარიმა, რაც 10 ლარს შეადგენს.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვა
მესამე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
ასეთი 256.418 დარღვევა დაფიქსირდა და ამისათვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.
4. ტექდათვალიერების არარსებობა
მეოთხე ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 241.304 ჯარიმა, რაც 50 ლარს შეადგენს.
5. უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა
მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა.
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 68.273ჯარიმა, რაც 50 ლარს შეადგენს.
ვიდეოჯარიმები და ქულები
დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.
საერთო ჯამში, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 49,8 მილიონი ლარის ოდენობით 1,157.062 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ამავდროულად, სამი თვის განმავლობაში მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 22,3 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.
ამავდროულად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 161.107 მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა ხუთ მძღოლს, საიდანაც მართვის უფლების აღდგენა გამოცდის ჩაბარებით მხოლოდ ერთმა შეძლო.