თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 60 პაციენტია მოთავსებული, განაცხადა ჰოსპიტლის კოორდინატორმა რევაზ კუჭუხიძემ.
დღევანდელი მდგომარეობით, თბილისში საველე საავადმყოფოები ორ ადგილზეა გახსნილი – დიღმის ოლიმპიურ სოფელში, რომელიც 18 აგვისტოს გაიხსნა და სამგორში, რომელსაც ჯერ მუშაობა არ დაუწყია. დიღმის საველე ჰოსპიტალმა პირველი ცხრა პაციენტი 20 აგვისტოს მიიღო, კიდევ 10 პაციენტი - 21 აგვისტოს.
კუჭუხიძის თქმით, საველე ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია.
„საშუალო სიმძიმის და ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები არიან. ერთი პაციენტის რეფერირება მოხდა ჰოსპიტალში მისი თანხმლები დაავადებების გამო. მიღებას ვაგრძელებთ. ერთ პაციენტს კიდევ ველოდებით. ჯერჯერობით აქედან არავის გადაყვანა არ იგეგმება. ძირითადად, საშუალო ასაკის პაციენტები არიან“, – განაცხადა კუჭუხიძემ.
როგორც ადრე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის. კერძოდ, როდესაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, მას სხვაგან გადაამისამართებენ სიმძიმიდან გამომდინარე.
გარდა თბილისისა, საველე ჰოსპიტლების მოწყობა აჭარისა და იმერეთის რეგიონებშიც იგეგმება.
საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალური რესურსი კლინიკებში 8 ათას საწოლს შეადგენს. დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კლინიკებში პაციენტების ადგილები აღარ არის.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 59.659 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.345 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3.494 ადამიანი, ხოლო 48.820 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
გუშინ პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ვირუსმა 74 ადამიანი იმსხვერპლა.