საქართველოს ორი მოქალაქე ავღანეთიდან გერმანიისა და პოლონეთის გავლით სამშობლოში დაბრუნდა

ამ დროისათვის ავღანეთის ტერიტორიაზე საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ რჩება. სამშობლოში უკვე იმყოფება 8 პირი, კიდევ 16 მოქალაქე უახლოეს საათებში ჩამოფრინდება
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ავღანეთში კონტრაქტორ კომპანიაში დასაქმებული საქართველოს ორი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა, იუწყება „პირველი არხი“.
რეისი ვარშავადან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს გამთენიისას შესრულდა.
ავღანეთში ბრიტანულ კომპანიაში დასაქმებული საქართველოს ორი მოქალაქე ნატოს ბაზიდან ჯერ ტაშკენტში, შემდეგ გერმანიაში, მას მერე კი ვარშავაში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი მათგანის, ზაურ ჯაყელის თქმით, ისინი ქაბულში ბრიტანულ კომპანიაში მუშაობდნენ, რომელმაც მათი ევაკუაცია გეგმის მიხედვით უზრუნველყო.
„გაგვიმართლა იმაში, რომ ჩვენმა ბრიტანულმა კომპანიამ, 15 აგვისტოს, ვიდრე თალიბანი დაიჭერდა კონტროლს ქალაქ ქაბულში, ჩვენც ქალაქში ვცხოვრობდით, მწვანე ზონაში, აქედან გამომდინარე, მივიღეთ სადაზვერვო ინფორმაცია, რომ უნდა გავაკეთოთ ევაკუაცია... ამის შემდეგ გამთენიისას, 04:00 საათზე ევაკუაციით შევედით ნატოს ბაზაზე, რამდენიმე საათში „თალიბანმა“ უკვე დაიჭირა მთელი ქალაქის კონტროლი“, - აღნიშნა ჯაყელმა.
ზალკალიანი: საქართველოს 16 მოქალაქის ქაბულის აეროპორტამდე მიყვანა ურთულესი იყო
მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ ნატოს ბაზაზე, სადაც, მათი თქმით, თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ.
„უკვე დაახლოებით მესამე დღეს, ავღანეთში გერმანული სპეცსამსახურები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უკვე თქვენი ევაკუაცია უნდა შესრულდეს და გააკეთეს ჩვენი ევაკუაცია“, – აღნიშნა ზაურ ჯაყელმა.
მისივე თქმით, მათი ევაკუაცია დამსაქმებელმა, ბრიტანულმა კომპანიამ უზრუნველყო, ამასთან, როგორც ჯაყელმა აღნიშნა, მათთან მუდმივ კავშირზე იყვნენ საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლებიც.
 „რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებას, მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მათ, რომ კავშირზე გამოდიოდნენ, შემეხმიანნენ იმ დღიდანვე, თუ რითი შეეძლოთ დახმარება, მაგრამ ჩვენ უკვე ევაკუაციის სიაში ვიყავით და ვიცოდით, რომ რამდენიმე დღეში მოგვიწევდა საქართველოში ჩამოსვლა“, - განაცხადა ჯაყელმა.
ამ დროისათვის ავღანეთის ტერიტორიაზე საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ რჩება. მანამდე, 18 აგვისტოს ავღანეთიდან საქართველოში ასევე დაბრუნდა ამერიკულ კომპანიაში კერძო კონტრაქტით დასაქმებული ექვსი მოქალაქე — ისინი თბილისში უნგრეთიდან სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. აგრეთვე, ავღანეთში დარჩენილი საქართველოს კიდევ 16 მოქალაქე უკვე პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ იმყოფება.
ავღანეთის წინააღმდეგობის მოძრაობამ თალიბებს სამი რაიონი წაართვა
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, ის ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.