თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. მთავრობას ჰქონდა შემუშავებული კორონავირუსის მართვის პოლიტიკა, რომელიც, ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით, სრულად არ აამოქმედა. მიაჩნია საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდა მიღწეულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხარჯზე, გარდა ამისა, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ჩამოწერა ყველა ჯარიმა, რომელიც კოვიდ-შეზღუდვების დარღვევისთვის გამოიწერა, ხოლო ვაქცინაციის აქტიურ პოპულარიზაციაზე ამომრჩეველთა დაკარგვის შიშის გამო არ იზრუნა.
„არ არის სიმართლე, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია კოვიდის მართვის პოლიტიკა - მას ჰქონდა პოლიტიკა და ეს პოლიტიკა გულისხმობდა: ა. საზოგადოების ჯანმრთელობის და მრავალი ადამიანის სიცოცხლის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევას; ბ. კანონდამრღვევი მოქალაქეების წინასაარჩევნოდ გულის მოგებას პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებისა და ჯარიმების ჩამოწერის გზით; გ. აცრების პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის წარმოებაზე უარის თქმას ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით“, - დაწერა ნინო ლომჯარიამ თავის Facebook-გვერდზე.
გარდა ამისა, მან ოპოზიციაც გააკრიტიკა, რომლის პოლიტიკა მდგომარეობდა იმაში, რომ „ეთქვა ყველაფერი საწინააღმდეგო, რასაც ხელისუფლება გააკეთებდა“.
ლომჯარიას თვალსაზრისით, ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც მოქალაქეების ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი, „მოექცა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ვერც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღმოაჩნდა“.
„ასე იქნება ყველა სფეროში, სანამ უცოდინარი პოლიტიკოსები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და სანამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები იქნებიან მათთან თვალებში შემციცინე პოზაში. ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა... 74 ადამიანი დავკარგეთ მხოლოდ 1 დღეში...“, - წერს ლომჯარია.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.901-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 510.941-ს მიაღწია. დღეს პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ვირუსმა 74 ადამიანი იმსხვერპლა.
21 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 938.705 აცრა, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 661.788 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23,2%, სრულად ვაქცინირებულია 276.917 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 9,7%. 20 აგვისტოს აიცრა 28.555 ადამიანი, რაც ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.