დაუცხრომელნი და მოუდრეკელნი: ამბავი ორი ქართველი მეფისა

ქვეყნისა და ქართველთა რაოდენობრივი სიმცირის გამო ქართველ მეფეებს დიდი იმპერიების ინტერესების გათვალისწინება და იმ „თამაშის წესებთან“ შეგუება უწევდათ, რომლებსაც „სამყაროს ვეშაპები“ გვახვევდნენ თავს.
Sputnik
მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ ეპუებოდნენ მათ და, მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, მაინც ცდილობდნენ უცხოელთა ბატონობისგან თავის დაღწევას. 
ქრისტეს აქეთ V საუკუნის დასაწყისში იბერიის სამეფო ორ გიგანტს შორის ისრისებოდა. დასავლეთიდან ერთმორწმუნე ბიზანტია გვავიწროვებდა, აღმოსავლეთიდან სპარსეთის შაჰს ვყავდით მიზანში ამოღებული. მდგომარეობა მართლაც სავალალო იყო — სპარსეთი და ბიზანტია ერთმანეთს ერკინებოდნენ საქართველოსთვის, იმავდროულად კი „შეხმატკბილებულად“ აოხრებდნენ ჩვენს ქვეყანას.
„პირველი მეფე მცხეთასა შინა“: მივიწყებული აზო არიან-ქართლელი
იმ დროს იბერიის სამეფოს მართავდა მირდატ მეოთხე, ვარაზ ბაკურის ძე. ის ბაბუამ, დედის მამამ, თრდათ მეფემ აღზარდა. მორწმუნე, ბრძენი და გონიერი პაპა ღვთისა და ერის სიყვარულს ასწავლიდა მომავალ მეფეს. მირდატიც გამოირჩეოდა სამეფო თვისებებით — ახოვან უფლისწულს სიმხნე და უშიშრობა დაბადებიდან დაჰყვა. არც სიქველე და გონიერება აკლდა, ხოლო მის ძალასა და ვაჟკაცობაზე ლეგენდები დადიოდა.
და როცა სამეფო ტახტზე ავიდა, იბერიის სამეფოს სრული გათავისუფლება და გაძლიერება წამოიწყო: „მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა... ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთსა, საზღვართა ქართლისასა“.
კლარჯეთი იბერიელთა და ბიზანტიელთა საჯილდაო ქვად დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, სანამ ვახტანგ გორგასალმა საბოლოოდ არ დაუბრუნა დედა-სამშობლოს. მანამდე კი ხან ქართველთა, ზოგჯერ სომეხთა, ხანაც ბიზანტიელთა სამეფოში შედიოდა, იმისდა მიხედვით, მოცემულ მომეტში ვინ უფრო ძლიერი იყო. მეფე მირდატმა დაკარგულის დაბრუნება განიზრახა, ისარგებლა ხელსაყრელი ვითარებით (საგარეო და საშინაო მტრებისგან დასუსტებულ კონსტანტინოპოლს არ ეცალა იბერიისთვის) და ჯარი შეიყვანა კლარჯეთში.
ამასაც არ დასჯერდა მირდატი, სპარსეთსაც შეუწყვიტა ხარკის მიცემა. იბერიის მეფის გამოცხადებულ დაუმორჩილებლობას შაჰმა იეზდიგერდ პირველმა ურიცხვი ლაშქრის გამოგზავნით უპასუხა. მირდატმაც, როგორც მემატიანე წერს: „არა ჰრიდა სიმრავლესა სპარსთასა“ და თავადაც შეჰყარა ჯარი და მტერს გაეგება.
თამარ მეფის უსასტიკესი სასჯელი, ანუ ერთ ნალზე გაცვლილი მელიქი
სასტიკი ბრძოლა გარდაბანთან გაიმართა. ფიცხელ ომში ჩართული მეფის შემხედვარე იბერიელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თავი არ დაზოგეს, მრავალრიცხოვან მტერს შეაწყდნენ... ისედაც მცირიცხოვანი ლაშქარი თანდათან „შემოადნა ხელში“ მეფეს, მაგრამ მირდატი ჯიუტად არ იცვლიდა ფეხს ბრძოლის ველიდან.  
მაგრამ ძალთა უთანასწორობამ სასწორის პინა სპარსელთა მხარეს გადახარა. მას შემდეგ, რაც ჯარი გაუნადგურეს, სპარსელებმა მირდატიც ჩაიგდეს ხელში და ქტესიფონში მიჰგვარეს შაჰს. ქართველთა მეფის ახოვნობითა და ვაჟკაცობით მოხიბლული სპარსთა მეფე მირდატს სასიკვდილოდ ვერ იმეტებდა. სიცოცხლისა და ტახტის შენარჩუნების სანაცვლოდ ქრისტეს სჯულის დათმობა და გამაზდეანება შეთავაზა მას, რაზეც მირდატმა მტკიცე უარი განაცხადა. ურჩი მეფე დილეგში ჩააგდეს, ფიქრობდნენ, გავტეხავთ და მაზდეანობას მივაღებინებთო. მაგრამ სპარსელები ამაოდ დაშვრნენ მირდატმა არ დათმო ქრისტეს სჯული, არ მოიდრიკა ქედი მტრების წინაშე. შედეგად – თავისუფლება აღარ ეღირსა, საპყრობილიდან ცოცხალი ვერ გამოვიდა.
ზუსტად არავინ უწყის, ქედუხრელ მეფეს წამების დროს აღმოხდა სული თუ მისმა ნატანჯმა სხეულმა ნესტიან დილეგს ვერ გაუძლო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მირდატ მეფე 410 წლის 21 ივლისს ტყვეობაში გარდაიცვალა.
მირდატს დიდხანს მეფობა არ დასცალდა, მხოლოდ რამდენიმე წელი იჯდა ტახტზე და ბევრი ვერაფერი მოასწრო. ამას პირდაპირ წერს მემატიანე: „არც აღაშენა ეკლესიაი, არცა ჰმატა შენებულთა“. მაგრამ თავისი მოწამეობრივი აღსასრულით ერს სარწმუნოებისადმი ერთგულებისა და თავდადების მაგალითი მისცა. ქართულმა სამოციქულო ეკლესიამ სათანადოდ დააფასა მისი ღვაწლი და ქრისტეს რჯულს ზვარაკად შეწურული მეფე წმინდანად აღიარა.
ამბავი უიღბლო ქართველი მეფისა: უსამართლოდ დავიწყებული ვახტანგ მესამე
დიდხანს არც გიორგი პირველს უმეფია — მან მხოლოდ 13 წელი დაჰყო სამეფო ტახტზე. თუმცა მაინც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად რჩება ქართველ მეფეთა პანთეონში, როგორც უაღრესად გამჭრიახი პოლიტიკოსი და რელიგიური ხუნდებით შეუბოჭავი მეფე. ქართულ ანალებში მრავალი ბრჭყვიალა ეპითეტით შეუმკიათ ჩვენი ქვეყნის მბრძანებელნი, მაგრამ მხოლოდ ორიოდე სახელოვანი ხელმწიფისთვის თუ გაუმეტებიათ ესოდენ იშვიათი და შესაშური დახასიათება: „უშიში, ვითარცა უხორცო“.
გიორგი პირველის წინამორბედი თუ მომდევნო მეფეები (დავით აღმაშენებლამდე) სიამაყით ატარებდნენ ბიზანტიის იმპერატორთაგან ბოძებულ საპატიო ტიტულებს (კურაპალატი, ნოველისიმოსი, მაგისტროსი და სხვ.), ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლია გიორგი პირველი, ვისაც იმდროინდელი ძეგლები და მატიანეები არავითარ ბიზანტიურ ტიტულს არ მიაწერენ და მხოლოდ მეფეთა მეფედ მოიხსენიებენ.
გამოჩენილი რუსი ბიზანტიოლოგი ფიოდორ უსპენსკი გიორგი პირველს უწოდებს „დამოუკიდებლობის დაუცხრომელ დამცველს“, ხოლო ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით, „მან თითქმის მთელი თავისი მეფობა და ძალ-ღონე ბიზანტიის კეისართან ბრძოლას შეალია“.
ბიზანტიის კეისარი კი იმხანად იყო სასტიკი და დაუნდობელი ბასილი მეორე, რომელსაც მეტსახელად „ბულგართმმუსვრელი“ შეარქვეს. კეისარი იმპერიის ძველ საზღვრებში აღდგენას ცდილობდა და ამ გზაზე ვინც წინ დაუდგებოდა, ყველას დაუნდობლად უსწორდებოდა.
გიორგი პირველი 1014 წელს გამეფდა. მისი მეფობის დასაწყისში ბალკანელებთან ომში ჩართული ბიზანტია თავშეკავებულად იქცეოდა. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ ბაგრატ მესამის სიცოცხლეში ბასილი კეისარმა ძალიან დიდი ფული აჩუქა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკს სვეტიცხოვლის ტაძრის ასაგებად, მაგრამ ბიზანტიიდან წამოსულ სინათლეს იმდენი ჩრდილი მოჰყვებოდა, რომ ბინდბუნდში იძირებოდა თავად სინათლის წყარო.
გიორგი პირველი კარგად ხვდებოდა, რომ აღმავლობის გზაზე მდგარ ბიზანტიასთან ომი გარდაუვალი იყო და ემზადებოდა კიდეც ამ ომისთვის. მან ძლიერი მოკავშირეც გაიჩინა ეგვიპტის მაჰმადიანი ხელმწიფის ალ-ჰაქიმის სახით „ერთმურწმუნე“ ბიზანტიის წინააღმდეგ. ამით ზურგგამაგრებული უფრო აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა.
ქართველთა მიერ შემუსრული „დაწყევლილი ქალაქი“, ანუ რატომ ადევს ალეპოს სააკაძის ცოდვა
XI საუკუნის არაბი ისტორიკოსის იაჰია ანტიოქიელის სიტყვებით, როდესაც ბასილი კეისარი ბულგარელებს ებრძოდა, გიორგი მეფემ ისარგებლა ხელსაყრელი მომენტით და დაეუფლა ციხე-სიმაგრეებსა და ოლქებს იმ ტერიტორიაზე, რომელიც დავით კურაპალატმა დაუთმო ბასილი კეისარს. ქართულმა ჯარმა დაიკავა ბიზანტიელების მიერ წართმეული „იმიერტაო და ბასიანს გადაღმა ქვეყნები“.
საუბედუროდ, იღბალი კეისარს ძალიან სწყალობდა. 1014 წლის ზაფხულში ბიზანტიის კეისარმა ზედიზედ ორჯერ დაამარცხა ბულგარელები. მაგრამ მხოლოდ დამარცხება არ აკმარა, გამარჯვებულმა კეისარმა ტყვედ ჩავარდნილ ბულგარელებს სიცოცხლე აჩუქა, ოღონდ მათი დაბრმავება ბრძანა. 15 ათას ბულგარელს თვალები დასთხარეს, მერე კი უსინათლოთა ყოველ ასეულს სათავეში თითო კაცი ჩაუყენეს მეგზურებად, რომელსაც მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა ამოთხრილი, და შინ გაუშვეს. ამბობენ, ბულგარეთის მეფე ისე შეაძრწუნა ნანახმა, რომ ორ დღეში განუტევა სულიო...
ბიზანტიელები სამი წლის განმავლობაში აოხრებდნენ ბულგარეთს. 1019 წლის დამდეგს კი ბასილი კეისარი ტრიუმფით შევიდა დაპყრობილი ქვეყნის სატახტო ქალაქში. ამავე ხანებში სერბებმა და ხორვატებმაც დაკარგეს დამოუკიდებლობა. ბიზანტიის ბატონობა მთელ ბალკანეთზე გავრცელდა.
ბუნებრივია, გიორგი მეფისა და ალ-ჰაქიმის შეკავშირების ამბავი კეისრის სმენასაც მისწვდა და სასწრაფოდ გაემზადა საქართველოზე გასალაშქრებლად. ამას დაერთო ისიც, რომ გიორგი მეფის მოკავშირე სულთანი ალ-ჰაქიმი 1021 წლის 13 თებერვალს უგზო-უკვლოდ გაქრა. მართალია, მემატიანე ბევრს ვერაფერს გვამცნობს, მაგრამ სულთნის ამ მოულოდნელ გაუჩინარებაში აშკარად იკვეთება ბასილი კეისრის „ხელწერა“, რომელიც მიზნის მისაღწევად ყველანაირ საშუალებას იყენებდა. დაუძინებელი მტრის, ალ-ჰაქიმის გაქრობით ბასილიმ სრულად გაანეიტრალა მოსალოდნელი ეგვიპტური საფრთხე და მოკავშირეების გარეშე დარჩენილ საქართველოს დაესხა თავს.
ხატისსოფლის ბრძოლა: ქართლის მეფე „დელი სვიმონი“ და სამარცხვინოდ განადგურებული ოსმალები
მაგრამ ქართველებმა მწარე მარცხი აგემეს მტერს სოფელ უხტიქის მიდამოებში. მერე მეორე ბრძოლაც გამართულა, რომელსაც XI საუკუნის სომეხი ისტორიკოსი არისტაკეს ლასტივერტეცი ასე აღწერს:
„ჯარები ერთმანეთს შეხვდნენ პალაკაციოს ტბის მახლობლად და საზარელი გრიალით ეკვეთნენ ერთმანეთს, ამიტომაც მახვილთა გაელვარებისა და მუზარადების კაშკაშის დროს ცეცხლის ნაპერწკალები მთებს ეფინებოდა“.
ბასილი კეისარი უზომოდ განცვიფრებულა ქართველი მხედრების სიმამაცითა და შეუპოვრობით, რომლებმაც კლდეზე  მიხეთქებულ მდინარეთა ნიაღვრის მსგავსად დაამსხვრიეს ბიზანტიელთა ჯარი და უკუაქციეს.
მაგრამ ეს ხანმოკლე წარმატება იყო. გიორგი პირველმა, ბიბლიური დავითის დარად, გამოწვევა ესროლა გოლიათს — უზარმაზარი იმპერიის მრისხანე მბრძანებელს, ოღონდ ბიბლიური ისტორია არ განმეორებულა. დავითმა ამჯერად ვეღარ დაამარცხა გოლიათი.
ბასილი კეისარს ოთხივე მხარეს გაუგზავნია მარბიელი ლაშქარი და კატეგორიული ბრძანება გაუცია, არ დაენდოთ არც კაცი და არც ქალი, არც ჩვილი და არც მოხუცი, გადაეწვათ და დაენგრიათ ყველაფერი — სასახლეებიც, ქოხებიც, ეკლესიებიც, ბეღლებიც.
სომეხი ისტორიკოსი წერს:
„ძუძუმწოვარ ყრმებს ზოგს დედის მკერდიდან გლეჯდნენ და ქვებს ურტყამდნენ, ნაწილს კი დედის მკერდზევე აკლავდნენ შუბით, დედის რძეს ყრმების სისხლს ურევდნენ; სხვებს გზაჯვარედინებზე ცხენების ჩლიქებქვეშ აგდებდნენ“.
საქართველოს მეფე საბოლოოდ იძულებული გახდა ბედს შერიგებოდა და 1023 წელს არახელსაყრელი ზავი დაედო. დავით კურაპალატის სამფლობელოები ტაოში, კოლა-არტაანსა და ჯავახეთში ისევ ბიზანტიელთა ხელში გადავიდა, ხოლო გიორგი პირველის მცირეწლოვანი ვაჟი ბაგრატი მძევლად წაიყვანეს კონსტანტინოპოლში.
იდუმალებით მოცული მკვლელობა, ანუ ამბავი ქართველი მეფისა და უცნობი „ოვსი ყმისა“
გიორგი არ შეგუებია ამ მარცხს, აქტიურად ემზადებოდა რევანშის ასაღებად, მაგრამ ახალგაზრდა მეფე 1027 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა.
დღემდე არავინ უწყის, რა იყო 25 წლის ჯანღონით სავსე მეფის სიკვდილის მიზეზი, ბიზანტიური საწამლავი თუ ნაწლავების გადახლართვა. ეს საიდუმლო მან საფლავში წაიყოლა, თუმცა შთამომავლობას დაუტოვა მაგალითი იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რაც უნდა უთანასწორო იყოს იგი.
ბასილი კეისარმა XI საუკუნის დასაწყისში რომ გააუქმა სომხური სამეფოები, ჩვენმა მეზობლებმა მხოლოდ ცხრა საუკუნის შემდეგ, 1918 წელსღა აღიდგინეს სახელწიფოებრიობა. საქართველოსაც იგივე ბედი ელოდა, რომ არა გიორგი პირველი და მისი მოკავშირე, კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე დიდი. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საქართველომ შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა და ბასილი კეისარმა ვერ მოახერხა სომხეთის დარად მისი „გაქრობა“.
მართალია, მაშინ დავმარცხდით, მაგრამ ეს იყო გამარჯვების ტოლფასი მარცხი, ვინაიდან დაუცხრომელმა მეფე გიორგიმ თავისი შეუპოვრობით აიძულა ბასილი, ხელი აეღო საქართველოს სამეფოს გაუქმებაზე და შეგუებოდა მის არსებობას. სავარაუდოდ, „ორ კუროპალატს შორის გასრესილი მეფე“ ამას შეეწირა კიდეც, მაგრამ ამ უშეღავათო ბრძოლებით გადარჩა საქართველო, რომელმაც შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობაც და ეროვნული თვითმყოფადობაც.