თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთშია, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში, აჭარაში და იმერეთშია აცრილი.
„შედარებით ნაკლებია სამცხე-ჯავახეთი და სწორედ ეს რეგიონი იქნება სამიზნე მომავალში საინფორმაციო კამპანიის გააქტიურების თვალსაზრისით, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, ამას აკეთებს ინფორმაციის ნაკლებობის გამო“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების სტატისტიკის მიხედვით, 19 აგვისტოსთვის სამცხე-ჯავახეთში ჩატარებულია მხოლოდ 654 აცრა, მაშინ, როცა აჭარაში 3.368 ადამიანია უკვე ვაქცინირებული, ხოლო იმერეთში – 3.091.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ამ მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის დიდი ცენტრებია გახსნილი, სადაც მოქალაქეთა ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას.