ხატმწერი გოგოს ექსპერიმენტები და უჩვეულო ორნამენტებით მოხატული დეკორატიული ნივთები

დღეს ფერიცვალებაა, ყველა ქრისტიანისთვის ამ დიდ დღეს გვინდა გაგაცნოთ ახალგაზრდა, ნიჭიერი ხატმწერი და ხელოვანი თამთა თოიძე.
Sputnik
გარდა ხატებისა, თამთა საოცარ ფერწერულ ტილოებსაც ქმნის და სახლის ინტერიერისთვის ნატიფი გემოვნებით დამზადებულ ნივთებზეც მუშაობს.
ხატის წერის დროს
- თამთა, ისეთი გვარი გაქვთ, ალბათ უხერხულია გკითხოთ, ხელოვნებასთან რატომ გაქვთ შეხება–მეთქი...
- ალბათ... თოიძეებს სისხლში გვაქვს ხელოვნების სიყვარული, ჩემს ოჯახში ყველას ჰქონდა ამ მხრივ რაღაც ნიჭი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მას დიდ ყურადღებას არ უთმობდნენ და არ ავითარებდნენ. მე და ჩემმა და-ძმამ გარკვეული დროის შემდეგ გამოვავლინეთ ხელოვნებისადმი მიდრეკილება. სულ ვცდილობთ, რომ გამოსახვის ფორმების ძიების გზაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ექსპერიმენტები ჩავატაროთ. ვფიქრობ, ლომის წილი დედას მიუძღვის, რადგან მან ხატვა და ძერწვა ბავშვობიდანვე შეგვაყვარა.
თამთა თოიძის ნამუშევარი
- ბუნებრივია, ხელოვნების სიყვარული სწავლის დროს უფრო ღვივდება, სად ისწავლეთ?
- თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. არაჩვეულებრივი პედაგოგების მხარდაჭერით და თანადგომით ხელოვნებაში ცოდნა გავიღრმავე. სწავლის დროს კულტურულ და ისტორიულ ძეგლებზე ვმუშაობდი. ეს დიდი პატივი და ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო წლები იყო ჩემს ცხოვრებაში.
თამთა თოიძის ნამუშევარი
- რა შეცვალა იმ წლებმა თქვენში?
- მეამაყება, როდესაც ვიაზრებ, თუ რა დიდი პატივი მერგო ისტორიულ ძეგლებზე მუშაობის პერიოდში. მივხდი, რომ ამის მერე რადიკალურად შემეცვალა ყველაფრის მიმართ შეხედულება. დღეს სამყაროს უფრო განსხვავებულად აღვიქვამ.
ხატის წერის დროს
- ფერწერული ნამუშევრებიც გაქვთ...
- ხატწერაზე სწავლის პარალელურად ფერწერით ყოველთვის ვიყავი დაკავებული. თავს თავისუფლად და მშვიდად ვგრძნობ ხოლმე, როდესაც რაიმე ახალს ვქმნი და ჩემს შემოქმედებით ფანტაზიას ფრთებს ვასხამ. ფერწერული ტილოების ხატვის დროს მეტწილად ტემპერის საღებავებს ვიყენებ.
მეუღლესთან ერთად
- დეკორატიული ნივთების დამზადება როდის დაიწყეთ?
- დაოჯახების შემდეგ ექსპედიციებში რესტავრატორად ვეღარ ვახერხებდი მუშაობას, ამიტომ იმის ძიება დავიწყე, თუ რისი შექმნა შემეძლო თვეობით სახლში ყოფნის დროს. შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ ინტერიერისთვის დაგვჭირდა ნივთების შეძენა. მივხდი, რომ შემეძლო ისეთი რამ შემექმნა, რაც ჩემთვისაც საჭირო და სასარგებლო იქნებოდა და თან კომერციული თვალსაზრისითაც საინტერესო აღმოჩნდებოდა. საქართველოში მსგავსი ორნამენტებით მოხატული დეკორატიული ნივთები იშვიათია.
თამთა თოიძის შემოქმედება
- თავიდან თქვენი ყურადღება სარკეზე შეჩერდა...
- დიახ, ჩემი პირველი მცდელობა სარკის დიზაინის შექმნა იყო, რაც წარმატებულად განვახორციელე. ნამუშევრებს დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა და ხალხისგან შეკვეთების სურვილი წამოვიდა. ჩემი ნამუშევრები ხშირად მინანქარში შესრულებული ჰგონიათ, მაგრამ ასეთი ეფექტი სხვადასხვა პიგმენტების და საღებავების შერევის შედეგად მიიღება.
თამთა თოიძის ნამუშევარი
- სარკის გარდა რა ნივთებს აფორმებთ?
- სარკის მერე ჟურნალის მაგიდაზე ვიმუშავე და ესეც წარმატებული აღმოჩნდა. ნელ-ნელა ვქმნიდი და ვაფორმებდი ინტერიერისთვის საჭირო ავეჯსა თუ სხვადასხვა ნივთებს. ვცდილობ, რასაც ვქმნი, ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე იყოს. უფრო გვიან ჩანთებისა და საფულეების მოხატვის შეკვეთებიც მივიღე.
სარკის ჩარჩო - თამთა თოიძის ნამუშევარი
- ვინ არიან თქვენი ძირითადი დამკვეთები?
- დეკორატიული ნამუშევრების შემკვეთები ძირითადად ის პიროვნებები არიან, ვისაც ორიგინალური დიზაინის სტილი უყვარს. ფერწერულ ნამუშევრებს უმეტესად კოლექციონერები ყიდულობენ. ხატებს კი ტაძრებისთვის ან საკუთარი სამლოცველო კუთხისთვის მიკვეთავენ. ხშირად მიწვევენ ჯგუფურ გამოფენებზე, მაგრამ ნამუშევრები სახლში არ მიჩერდება, სისტემატურად იყიდება და ამიტომ პერსონალურ გამოფენასაც ვერ მოვაბი თავი, სურვილი კი ნამდვილად მაქვს.
თამთა თოიძის ნამუშევარი
- სამომავლოდ რა გაქვთ ჩაფიქრებული?
- ვფიქრობ, რომ გავხსნა სახელოვნებო სალონის მგავსი რამ, სადაც ნამუშევრებსაც გამოვფენდი და ამავე დროს მსურველებსაც შევასწავლიდი ხატვას. დღეს ფერიცვალებაა, ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ თქვენს მკითხველებს ამ დღეს, ვუსურვებ, რომ მალე ადამიანებსაც და სამყაროსაც სასიკეთოდ ეცვალოს ფერი...