თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ კახეთის სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს, ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში და საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურსა და ჯაბა ჯანგირაშვილს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
სამართალდამცველებმა საქმეში ბრალდებულები ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს დღეს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ჯაბა ჯანგირაშვილს, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითიც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ჯანგირაშვილს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ბრალდების მხარემ ორივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. ამის არგუმენტად კი მიმალვა, მოწმეებზე ზემოქმედება და ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენა დაასახელა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ზვიადაურის ადვოკატებმა 50 ათას ლარიანი გირაოსა და თავდებობის შუამდგომლობა დააყენეს. ზვიადაურს თავდებში უდგებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ასევე ძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი და პოლიტიკოსი ზაქარია ქუცნაშვილი.
ჯაბა ჯანგირაშვილის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამ დაპირისპირებაში მონაწილე ნიკოლოზ კენჭოშვილის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
შედეგად, კენჭოშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორი პირი – ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნიკოლოზ კენჭოშვილი.