თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. მარტიდან 17 აგვისტომდე ინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი არ იყო ვაქცინირებული, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოხვედრილი ინფიცირებული ადამიანების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს.
„რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3.500-მა პირმა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით ერთ პროცენტამდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3 პროცენტი. ამ 3.500 პირიდან რეანიმაციაში ორჯერ ვაქცინირებულების ერთეული შემთხვევები მოხვდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ვაქცინა იცავს ადამიანს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან, სწორედ ამიტომ აუცილებელია მოქალაქეებმა ჩაიტარონ ვაქცინაცია.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
დღევანდელი მონაცემებით სულ ჩატარებულია 883.570 აცრა, ერთ დღეში აცრილია 26.363 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.921-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 501.297-ს მიაღწია.