ბოკუჩავა vs უგულავა: ოპოზიციაში მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით უთანხმოებაა

ოპოზიციიდან ფოთის მერობის კანდიდატად თავდაპირველად მიიჩნეოდა „ნაცმოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, მაგრამ პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კანდიდატად გიგი უგულავა დაასახელა.
Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციის ნაწილში არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე ფოთის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით უთანხმოება გაჩნდა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს. კანდიდატების ოფიციალური წარდგენა 8 სექტემბერს დასრულდება.
არჩევნები 2021: ოპოზიციური პარტიების ნაწილი კოალიციური მმართველობის წინადადებით გამოდის
ოპოზიციიდან ფოთის მერობის კანდიდატად თავდაპირველად მიიჩნეოდა „ნაცმოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა. სწორედ ის დაასახელეს მერობის კანდიდატად პარტიის ფოთის ორგანიზაციაში. მაგრამ გასულ კვირას „ნაცმოძრაობის“ მიერ დასახელებულ კანდიდატებს შორის ბოკუჩავას გვარი არ აღმოჩნდა.
ახლა კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დაასახელა ახალი კანდიდატურა - თბილისის ყოფილი მერი და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი ლიდერი გიგი უგულავა.
„უმაღლესი ალბათობით, გიგი იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი. გიგი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც ბევრი რამ ნახა პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა მელიამ.
თავად ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი მხრიდან გონივრული არ იქნებოდა, დათანხმებოდა ფოთის მერობის კანდიდატობაზე შემოთავაზებას, რადგან ამ ქალაქთან არ გააჩნია შესაბამისი ბმა. რაც შეეხება გიგი უგულავას კანდიდატურას, ბოკუჩავა მას მხარს უჭერს.
„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ გიგის კანდიდატურას. ვაპირებ, რომ სხვადასხვა ფორმით მონაწილეობა მივიღო კამპანიაში, იქნება ეს ფოთში, ზუგდიდში, თბილისში, თუ ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში... უკეთესი იქნება, რაც შეიძლება მეტმა ოპოზიციურმა კანდიდატმა მიიღოს მხარდაჭერა სრული ოპოზიციური სპექტრისგან, იქნება ეს ფოთში, ზუგდიდში, თბილისში თუ ნებისმიერ თვითმმართველ ქალაქში, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
„ევროპულმა საქართველომ“ მერობის კანდიდატები წარადგინა
„ევროპულ საქართველოში“, რომელიც უგულავამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დატოვა, ამტკიცებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მათთან უგულავას კანდიდატურა ჯერ არ შეუთანხმებია.
„ევროპული საქართველო“ ყველა იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ვინც საერთო კოორდინაციაში იქნება. უბრალოდ ფოთში კანდიდატებთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობასთან“ კოორდინაცია ჯერ არ შემდგარა“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ლაშა დამენიამ.
მაგრამ, პარტიის მტკიცების მიუხედავად, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას მეუღლემ თამარ ჩერგოლეიშვილმა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ფოთის მერობის კანდიდატად უგულავას დასახელების შესახებ, მისი მისამართით მკვეთრი კრიტიკა არ დაიშურა.
„ვწუხვარ, რომ მაინც და მაინც ეს ადამიანი (უგულავა - რედ.) განასახიერებს ყველაფერს, რის გამოც ნორმალურ, წესიერ ადამიანს პოლიტიკა უპრინციპო და ფლიდი ადამიანების ბინძურ საქმედ შეიძლება მიაჩნდეს“, – დაწერა ჩერგოლეიშვილმა თავის Facebook-გვერდზე.
აისახება თუ არა ჩერგოლეიშვილის მოსაზრება „ევროპული საქართველოს“ ხედვაზე და გახდება თუ არა უგულავა ოპოზიციის განხეთქილების მიზეზი საარჩევნოდ, გაირკვევა უკვე შაბათს, როდესაც ოპოზიციის ეს ნაწილი ფოთის მერობის შეთანხმებული კანდიდატის წარდგენას გეგმავს.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ კი უკვე განაცხადეს, რომ უგულავასი არ ეშინიათ და მათი კანდიდატი ბექა ვაჭარაძე პირველივე ტურში მოიგებს.