ზურაბ ზვიადაურსა და ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

სოფელ წინანდალში სისხლიანი დაპირისპირება 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად სულ სამი პირი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. კახეთის სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს, ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში და საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურსა და ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამ დაპირისპირებაში მონაწილე ნიკოლოზ კენჭოშვილის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
მკვლელობა კახეთში: ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს
შედეგად, კენჭოშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორი პირი – ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნიკოლოზ კენჭოშვილი.
სამართალდამცველებმა საქმეში ბრალდებულები ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ჯაბა ჯანგირაშვილს, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითიც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ჯანგირაშვილს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს.