საქართველოში სასწრაფო დახმარების ექიმები ფულად დანამატებს მიიღებენ

ფულად დანამატს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველა ექიმი მიიღებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ რეგიონში მუშაობს.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები 500 ლარის ოდენობით დანამატებს მიიღებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, მედიკოსები ხელფასზე დანამატს უკვე რამდენიმე თვეა იღებენ, თუმცა გუშინ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები, რომლებსაც განსაკუთრებით რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, მიიღებენ ფულად დანამატს იმისდა მიუხედავად, თუ რომელ რეგიონში არიან ისინი დასაქმებული.
დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტებს ხვალიდან მიიღებს
„მინდა გადავუხადო მადლობა მთელ სამედიცინო საზოგადოებას, ყველა ჰოსპიტალს, ყველა ექიმს, რომელიც პირველი დღიდან არის ჩართული პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება საველე ჰოსპიტლების პრაქტიკას, ტიკარაძის თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად გამოიყენებს ჰოსპიტალურ სექტორს. ამავდროულად, საველე ჰოსპიტლები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკებში და კოვიდ–სასტუმროებში რესურსი მთლიანად ამოიწურება. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ საველე საავადმყოფოებში ექიმებს აქვთ შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია.
დღევანდელი მდგომარეობით, საველე საავადმყოფოები გახსნილია ორ ადგილზე თბილისში – დიღმის ოლიმპიურ სოფელში და სამგორში. დიღმის საველე ჰოსპიტალი მზადაა 18 აგვისტოდან მიიღოს პაციენტები, თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღინიშნავენ, უწყება მაქსიმალურად შეეცდება მართოს პაციენტთა ნაკადი კლინიკებში.
დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით მოეწყო
ტიკარაძის თქმით, საველე ჰოსპიტლის ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ როგორც მძიმე, ასევე საშუალო სიმძიმის პაციენტები.
საქართველო ამჟამად კორონავირუსის მეოთხე, ყველაზე მძიმე ტალღას ებრძვის.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.914-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 496.376-ს მიაღწია. ვისუსისგან გამოჯანმრთელდა 432.506 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 6.532 პაციენტი.