თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. თბილისში საველე ჰოსპიტლის მოსაწყობად 150.000 ლარი დაიხარჯა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
„ეს საწოლები და ინვენტარი, ყველაფერი არის სამედიცინო ჰოლდინგის ბალანსზე, რომელიც, მას შემდეგ, რაც საველე ჰოსპიტალი აღარ იქნება საჭირო, ჰოლდინგის მფლობელობაში დაბრუნდება. თვითონ საველე ჰოსპიტლის მოწყობაზე არის არაერთი მითქმა-მოთქმა, თითქოს ის დაჯდა რამდენიმე მილიონი, თუმცა მის მოსაწყობად დახარჯული არის მხოლოდ 150.000 ლარი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
დღევანდელი მდგომარეობით, საველე საავადმყოფოები გახსნილია ორ ადგილზე თბილისში – დიღმის ოლიმპიურ სოფელში, რომელიც მზადაა 18 აგვისტოდან მიიღოს პაციენტები, და სამგორში, რომელსაც ჯერ მუშაობა არ დაუწყია.
ტიკარაძის თქმით, საველე ჰოსპიტლის ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტები, მაგრამ საველე ჰოსპიტლები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკებში და კოვიდ-სასტუმროებში ადგილები აღარ დარჩება.
საქართველო ამჟამად კორონავირუსის მეოთხე, ყველაზე მძიმე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.914-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 496.376-ს მიაღწია. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 432.506 ადამიანი, გარდაიცვალა 6.532 პაციენტი.