თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი შვიდი თვის ორსული იყო. ის ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.
„რა თქმა უნდა, გართულების მიზეზი არის სხვადასხვა. აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი. როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად და, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი მაქსიმალურადაა ჩართული“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ტრაგიკულად დასრულდა კოვიდინფექციის შემთხვევა 10 აგვისტოს ქუთაისის კლინიკა „ბომონდშიც" – კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა. ასევე ქუთაისში კორონავირუსის გართულების ფონზე ნაყოფი დაეღუპა 31 წლის ორსულს.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.914-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 496.376-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 49 ადამიანი. დღემდე კორონავირუსით სულ გარდაცვლილია 6.532 პირი.