თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ქვეყანას აქვს რესურსი, რომ დღეში 30 ათასი ადამიანი აცრას, თუმცა შესაძლებელია მოეწყოს დიდი მარათონი და ამ რიცხვმა 50 ათასსაც კი მიაღწიოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქ-ლაივის“ დროს.
გართულებული ეპიდვითარების ფონზე სპეციალისტები გამოსავალს მასობრივ ვაქცინაციაში ხედავენ. მათი ინფორმაციით, ეპიდვითარების გამოსასწორებლად დღეში სულ მცირე 30-35 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს.
გამყრელიძემ მაგალითად მოიყვანა ისრაელის შემთხვევა, რომელმაც თავისი მოსახლეობის 60-70 პროცენტი სამ თვეში აცრა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, იანვრის დასაწყისში ისრაელში დღე-ღამეში ინფიცირების 10-15 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და 100-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში კი ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათეულამდე დაეცა და იყო დღეები, როდესაც გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ჩვენთვის კრიტიკულია და მინდა აცრების დღიური მაჩვენებელი 25 ათასზე ნაკლები არ იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 857.056 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 251.447 ადამიანი.