თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მაღალმთიან აჭარაში საერთაშორისო მნიშვნელობის სხვადასხვა ტიპის ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა, რომლის საერთო ღირებულებაც 10 მილიონ ლარს შეადგენს.
ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმის მიხედვით, ბათუმიდან 1,5 საათის სავალ მანძილზე ასევე მოეწყობა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრებით, ხიდებითა და ავთენტური წისქვილების სადემონსტრაციო სოფლით. აღნიშნული პროექტის ღირებულებაც 10 მილიონი ლარი იქნება. ამას გარდა, საბაგიროს მშენებლობის პროექტი მზადდება კურორტ გომარდულში.
სოფელ შუახევში, ჯვარიმინდორის მთაზე აშენდება ტურისტული თავშესაფრები, რომლის ბიუჯეტიც 250 ათას ლარს შეადგენს და პროექტი ოქტომბრის ბოლოს უკვე დასრულებული იქნება.
აჭარის მთავრობის ცნობით, ასევე მიმდინარეობს ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-საველოსიპედო ბილიკის მოწყობა და აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ENPARD-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ეს პროექტიც ოქტომბერში დასრულდება, მისი ბიუჯეტი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია.