თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვნენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით ორ ლოკაციაზე – დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები მოეწყო. თავდაცვის სამინისტრომ ამ ეტაპზე ასეულობით საწოლი გადასცა ჯანდაცვის სამინისტროს.
„ასევე თავდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად დამატებით ათასამდე საწოლი დაამზადოს და გადასცეს ჯანდაცვის სამინისტროს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესშიც მიიღებენ მონაწილეობას.
კერძოდ, თავდაცვის უწყების მიერ შეიქმნა მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შესაბამისად ჩაერთვებიან პროცესებში. აღნიშნული ჯგუფები უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ დიღმის ოლიმპიური სოფლის ფრენბურთის დარბაზში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი საჭიროების შემთხვევაში საშუალო სიმძიმის 500 პაციენტს მოემსახურება. ჰოსპიტალი უკვე აღჭურვილია ჟანგბადის ბალონებით, ადგილზე შესაძლებელი იქნება ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. უკვე შერჩეულია ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი, რომელიც ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მოემსახურებიან. საველე ჰოსპიტალი პირველ პაციენტებს ხვალიდან მიიღებს.