თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკაში მიმდინარე ცინცინატის „მასტერსზე" პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
საქართველოს პირველი ჩოგანი „მასტერსის" პირველ რაუნდში იტალიელ ფაბიო ფონინის დაუპირისპირდა და ორ სეტში ანგარიშით 6:7, 3:6 წააგო. შეხვედრა 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა, ბასილაშვილს კი ამ დროის განმავლობაში ოთხი ეისი და სამი ორმაგი შეცდომა დაუგროვდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ხუთი ბრეიკ-პოინტიდან სამი გამოიყენა, ფონინიმ კი ბრეიკის შესრულება ოთხჯერ შეძლო.
29 წლის ქართველი ჩოგბურთელი გამარჯვების შემთხვევაში არგენტინელ გუიდო პელას შეხვდებოდა, რომელმაც პირველ წრეში ასპარეზობას ბელგიელი გოფინი გამოთიშა.
ცინცინატიში გამოსვლამდე ნიკოლოზ ბასილაშვილი კანადაში ტორონტოს „მასტერსზე" მერვედფინალურ ეტაპზე პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩთან დამარცხდა.
„მასტერსი“ ცინცინატიში (Western & Southern Open) 22 აგვისტომდე გაგრძელდება. მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.