თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დადგენილების თანახმად, ავღანეთიდან ლტოლვილთა დასახმარებლად 500 მლნ დოლარი გამოიყოფა, იუწყება თეთრი სახლი.
როგორც პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტშია ნათქვამი, გამოყოფილი თანხა ლტოლვილების, კონფლიქტის მსხვერპლთა და სხვა პირების გადაუდებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოხმარდება, რომლებსაც ავღანეთში არსებული სიტუაცია საფრთხეს უქმნის.
მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე სამი სამხედრო ბაზა (ვირჯინიის, ტეხასისა და ვისკონსინის შტატები) 22 ათასი ევაკუირებული ავღანელის მისაღებად ემზადება.
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს, ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.