გოგონა, რომელიც გვინდა გაგაცნოთ, თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მოსწავლეა. ბოლო წლებია, რაც, თანატოლების მსგავსად, ანიმეებით დაინტერესდა. ხშირად უყურებს მათ და შემდეგ გონებაში დარჩენილ გმირებს საკუთარი წარმოსახვით ხატავს.
ხატვის სტიმული 12 წლის ანა-მარია ჯავახიშვილს მას შემდეგ უფრო მიეცა, რაც მისი ნამუშევრები პროფესიონალებმა ნახეს და მოიწონეს. დედის დაკვირვებით, ბოლო დროს ცოტა სიტყვაძუნწი გახდა, ალბათ იმიტომ, რომ საკუთარ თავს მეტად ჩაუღრმავდა...
- ანა-მარია, სანამ ხატვაზე ვისაუბრებთ, მაინტერესებს სკოლაში რისი სწავლა გიყვარს ყველაზე მეტად?
- მე ვსწავლობ კერძო სკოლა „ივერონში“. ყველა საგანი მიყვარს, მაგრამ ყველაზე ძალიან მიყვარს „ისტი“. ესაა შემოკლებული სახელი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, კიდევ მიყვარს ხელოვნება და ბუნება.
- ბავშვობაში თურმე დედა ზღაპრებს გიკითხავდა და შენ მათ ხატავდი, მართალია?
- დედამ მითხრა, რომ ხატვა დანტეს სკოლაში დავიწყე, როცა ოთხი წლის ვიყავი. მერე, როცა სხვადასხვა ზღაპრებს მიკითხავდა, მე პერსონაჟებს და სხვადასხვა მომენტებს ფანტაზიით ვხატავდი. მახსოვს, რომ ერთხელ დედამ საკუთარი ზღაპრისთვის მთხოვა გმირის დახატვა, ელფი უნდა დამეხატა. მაშინ პირველად წარმოვიდგინე ეს არსება და დავხატე. ცოტა სასაცილო გამოვიდა, მაგრამ დედას ძალიან მოეწონა.
- დღეს მარტო ანიმეებს რატომ ხატავ?
- ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს. ვუყურებ სხვადასხვა სერიალებს, ფილმებს და მერე ჩემს საყვარელ პერსონაჟებს ვხატავ. იაპონური ენა მიზიდავს, ცოტა-ცოტას ვსწავლობ კიდეც. იაპონია უცხო სამყაროა და ძალიან მაინტერესებს.
- არ ფიქრობ, რომ ქართული ანიმაციური პერსონაჟი მოიგონო და დახატო?
- არ ვიცი, ვიფიქრებ. მართლა კარგი იდეაა. შეიძლება დედის ზღაპრის გმირიც დავხატო. ის იგონებს ხოლმე საინტერესო ზღაპრებს.
- 13 დეკემბერს 13 წლის ხდები, როგორი ასაკია ეს შენთვის?
- როგორც გუგლმა მითხრა, 13 წელი გარდატეხის ასაკია. მინდა, რომ კარგ ადამიანად დავრჩე და ცუდად არ გარდავიქმნა. წინ უფრო ბევრი დროა, ვიდრე უკან რჩება და ეს მიხარია. 13 რიცხვი პატარაობიდან მიყვარს. დედისგან სულ მესმის, რომ ამ დღეს ცა-მეტიაო, ვიდრე მარტო ცა...
- როგორები არიან თანატოლები, ვისთანაც მეგობრობ?
- მე მომწონს ის ბავშვები, რომლებსაც ჩემსავით უყვართ ცხოველები და უვლიან მათ. ძალიან განვიცდი, როცა ცხოველებს ჩაგრავენ. არ მიყვარს, როცა ხეებს ტოტებს ატეხავენ და ლოკოკინებს ფეხს ადგამენ. ვმეგობრობ იმ ბავშვებთან, ვისაც ჩემნაირი გემოვნება აქვს, მოსწონთ ანიმე და ერთნაირი მუსიკალური გემოვნება გვაქვს.
- რით განსხვავდება შენი დახატული ანიმეები უკვე არსებულისგან?
- ბევრი რამით განსხვავდება, თანაც მათ კომპიუტერული გრაფიკით ხატავენ, მე კი ტუშით და ფლომასტერებით ვხატავ. დედა და სხვებიც მეუბნებიან, რომ ჩემები უფრო მოძრავები არიან და ხასიათს გამოხატავენ.
- საიდან გაქვს ხატვის ნიჭი, ახლობელი ადამიანები ხატავენ?
- დედა, ნამდვილად ვიცი, არასოდეს ხატავდა, ის კარგად წერს. მამა ადრე ხატავდა, ახლა ფოტოებს იღებს, ფოტოხელოვანია. ბებოც ხატავდა თურმე, მამიდამ კი პანდემიის დროს დაიწყო ხატვა...
- პანდემიაზე რას ფიქრობ?
- ძალიან ცუდი დროა, ყველანი სახლში გამოვიკეტეთ, ოთხ კედელში. ადრე მეგონა, ტექნიკა და ტექნოლოგიები შექმნიდა საფრთხეს, რობოტები გაჩნდებოდა და ადამიანს ჩაანაცვლებდნენ. ახლა მეშინია მე-18 საუკუნეში არ დავბრუნდეთ და ურემზე არ მოგვიწიოს გადაჯდომა...
- დღეს სახლში გამოკეტილი რომ ხარ, რას ხატავ ხოლმე?
- ერთხელ ფრთებმოტეხილი ანგელოზი დავხატე და დედამ რომ შეხედა, მითხრა - ცოტა შემეშინდაო. მერე პატარა ანიმე დავხატე - ფერადქოლგიანი, წვიმაში დგას და წვიმის წყალი ფერებს შლის მისი ქოლგიდან.
ეს რომ მოხდეს, ყველაფერი შავ-თეთრი იქნება და არ მინდა. სულ მაინტერესებს - როგორი იქნება სამყარო, პანდემია რომ დამთავრდება? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მომისმენია...