ემანუელ მაკრონი ავღანეთში სპეცრაზმსა და სამხედრო თვითმფრინავებს გზავნის

ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის უახლოეს საათებში გაზრდას გეგმავს შეერთებული შტატებიც. პენტაგონში აცხადებენ, რომ ამერიკელი სამხედროების რაოდენობა ქაბულში 6 ათას კაცს მიაღწევს.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავღანეთში სპეცრაზმის ქვედანაყოფებს და ორ სამხედრო თვითმფრინავს გზავნის, რის თაობაზეც მან ფრანგული ტელეარხებით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან მას არ დაუზუსტებია, თუ რამდენი ფრანგი სამხედრო ჩავა ავღანეთში.
მაკრონის თქმით, აღნიშნული ძალების ამოცანა ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის საკითხებში დახმარებაა, რასაც ამ დროისათვის ამერიკული ძალები ახორციელებენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან და მოკავშირეებთან ერთად განაგრძობს ბრძოლას ისლამისტური ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ.
ბაიდენი ავღანელი ლტოლვილების დასახმარებლად ნახევარ მილიარდ დოლარს გამოყოფს
აღსანიშნავია, რომ ავღანეთში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის უახლოეს საათებში გაზრდას გეგმავს შეერთებული შტატებიც. პირველ ეტაპზე საუბარია 1.000 ჯარისკაცზე, რომლებიც ქაბულის აეროპორტში მყოფ 2.500 ამერიკელ სამხედროს დაემატებიან, ხოლო საბოლოოდ პენტაგონი ავღანეთში 6 ათასი ჯარისკაცის გადასროლას აპირებს.
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.