თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ყველა რეგიონში აცრის პუნქტები ამოქმედდება, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძე იმერეთის მხარის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად ქუთაისში COVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტის წარმომადგენლებს და ოჯახის ექიმებს შეხვდება.
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და მცხეთაში.
ამცრელი ცენტრები გაჩნდა საუნივერსიტეტო სივრცეში, რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის უნივერსიტეტთან და სხვ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 806.681 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 238.871 ადამიანი.