ტიკარაძე: საველე ჰოსპიტალი არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო მზადაა

ბოლო დღეებში საქართველოს ჯანდაცვის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდება, საჭირო გახდება საველე ჰოსპიტლების გახსნა, რაც პანდემიის წინა ტალღების დროს არ მომხდარა.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტლის გამოყენება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
დიღომში საველე ჰოსპიტლის მოწყობა დაიწყო
გუშინ თბილისში, დიღმის ოლიმპიური სოფლის კალათბურთის დარბაზში საველე ჰოსპიტლის მოწყობა დაიწყო. ქვეყანაში დამატებითი საწოლების მობილიზება ეპიდვითარების მკვეთრად გაუარესებისა და საწოლფონდის სერიოზული დეფიციტის ფონზე გახდა საჭირო.
ტიკარაძის განცხადებით, საველე ჰოსპიტალს, რომელშიც 500-მდე საწოლი იქნება დადგმული, ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს.
„საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. ამჟამად უკვე გამართულია ყველა ინვენტარი და მოწყობილობა. დამონტაჟებულია ორი ხუთტონიანი ცისტერნა, რომელიც საწოლებს ჟანგბადით მოამარაგებს და რაც კოვიდ-მართვის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება ექიმებს, ტიკარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო-საველე პირობებისთვის, პრაქტიკოს ექიმთა უმეტესობას განათლება მიღებული აქვს იმ პერიოდში, როდესაც სამხედრო გადამზადება სავალდებულო იყო.
ტიკარაძე: საწოლფონდთან დაკავშირებით კრიტიკულად სერიოზული პრობლემები გვაქვს
„შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება და მათთან ერთად პაციენტები მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მაქსიმალური რესურსი კლინიკებში 8 ათას საწოლს შეადგენს.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასამდე პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 41 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.676-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 484.254-ს მიაღწია.