თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის ექს-პრეზიდენტ აშრაფ ღანის თვითმფრინავი არ შესულა ტაჯიკეთის საჰაერო სივრცეში და არ დამჯდარა ქვეყნის ტერიტორიაზე, ნათქვამია ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტაჯიკეთის მხარეს არ მიუღია შესაბამისი მოთხოვნა ავღანური მხარისგან“, — წერია დოკუმენტში.
აშრაფ ღანის თვითმფრინავი არ დამჯდარა არც ყაზახეთში, რის შესახებაც სააგენტო РИА Новости-ს ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა აცნობა.
„აშრაფ ღანი ყაზახეთში არ იმყოფება“, — თქვა მან სატელეფონო საუბრისას.
ავღანეთის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, რათა სისხლისღვრა აეცილებინა თავიდან, ქვეყანა გუშინ, კვირას დატოვა მას შემდეგ, რაც რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ დედაქალაქ ქაბულს მიადგა. გავრცელებული ინფორმაციით, მისმა თვითმფრინავმა კურსი ტაჯიკეთისკენ აიღო.
მიმდინარე წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთის ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა და ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო. ამის შემდეგ რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ შეტევები წამოიწყო ქვეყნის დიდ ქალაქებზე. კვირას ბოევიკები დედაქალაქ ქაბულში უომრად შევიდნენ და სახელმწიფო დაწესებულებები დაიკავეს. წუხელ „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“.
„თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივად აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.