თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. შაბათს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსა (სუს) და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის ამოქმედდა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელიც რიგ საკითხებში უწყებების ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს.
მხარეებმა შეთანხმებას ხელი 2016 წლის 25 მარტს მოაწერეს.
შეთანხმების ტექსტის მიხედვით, მხარეები, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით და საკუთარი ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად, საერთაშორისო უშიშროების რიგ საკითხში ითანამშრომლებენ.
კერძოდ, უწყებებს შორის თანამშრომლობა იქნება გამოხატული ინფორმაციის გაცვლაში და მხარდაჭერაში ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება დანაშაულს საკონსტიტუციო წყობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, საერთაშორისო კრიმინალს, ტერორიზმსა და კიბერტერორიზმს, ასევე იარაღის, რადიოაქტიური ნივთიერებებისა თუ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, საიდუმლო ინფორმაციის გახმაურებას.
გარდა ამისა, მხარეებს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ექნებათ წვდომა ერთმანეთის მონაცემთა ბაზებზე.
უშიშროების სამსახურები საჭიროების შემთხვევაში თავიანთ წარმომადგენლებს შეთანხმების ხელმომწერ ქვეყანაში საკონსულტაციოდ მიავლენენ.