ბათუმსა და ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების ავტოპარკი განახლდა

მაღალი გამავლობის სპეცმანქანები აჭარის რთული რელიეფის პირობებზეა მორგებული, რაც მოსახლეობისთვის სასწრაფო დახმარების სერვისების მიწოდებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონულ სამსახურს 8 ერთეული Mercedes-ის მარკის ავტომობილი გადაეცა, იუწყება „პირველი არხი“.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხულოსა და ქედაში სასწრაფო დახმარების ახალი ოფისების მშენებლობაა დაგეგმილი. ხოლო, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ოფისი აშენდება.
ტიკარაძე: საწოლფონდთან დაკავშირებით კრიტიკულად სერიოზული პრობლემები გვაქვს
ავტომანქანები ჯანდაცვის სამინისტრომ შეისყიდა, ხოლო ბათუმის რაიონულ სამსახურს ისინი დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადასცა. სპეცმანქანები გადაეცა ასევე ქობულეთის რაიონულ სამსახურსაც.
მინისტრმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურების გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა.
„სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ეს მანქანები არის უმაღლესი ხარისხის, ჯერ საქართველოში მსგავსი აღჭურვილობის სასწრაფოს ავტომანქანები არ გვყოლია, ისინი უტოლდება თითქმის რეანომობილებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, მაღალი გამავლობის სპეცმანქანები აჭარის რთული რელიეფის პირობებში, მოსახლეობისთვის სასწრაფო დახმარების სერვისების მიწოდებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
ბოლო ერთ წელიწადში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. ამასთან საქართველოში სულ 264 კლინიკა და სამედიცინო ცენტრია.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.