თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა.
კანდიდატების სრულ სიას ცესკო წარმოადგენს 8 სექტემბერს, როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება. მერობის კანდიდატების დასახელება შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, თბილისს სჭირდება მერი, რომელიც დედაქალაქს დაუბრუნებს მწვანე ქალაქის სტატუსს და იზრუნებს უსაფრთხო გარემოზე.
„მე, როგორ მერობის კანდიდატი, ყველაფერს გავაკეთებ, რათა იდეა, რომ ეს ქალაქი არის ყველასთვის, ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ასაკოვანი ხალხისთვის, ოჯახებისთვის, ამ იდეამ იპოვოს რეალობა... მე ვიქნები ხმა ხალხისა ამ ქალაქში და გავაკეთებ ყველაფერს, რათა ეს ქალაქი გახდეს ქალაქი ხალხისთვის და არა რამდენიმე ადამიანისა და ჯგუფისთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
პარტია „ხალხისთვის“ ადგილობრივ არჩევნებში 48 ნომრად მიიღებს მონაწილეობას. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლოდროინდელი კვლევის შედეგებით, ამ დროისთვის ამომრჩევლებში პარტია 1%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.
თბილისის მერობისთვის დოლიძის გარდა, საკუთარ ძალებს მოსინჯავენ დედაქალაქის მოქმედი მერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მერობის კანდიდატად დაასახელა, და „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი მიხეილ ქუმსიშვილი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.