თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ქართული ავიაკომპანია Myway Airlines პოლონეთის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას იწყებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებს თბილისი–ვარშავა–თბილისის საჰაერო ხაზზე 14 აგვისტოდან განახორციელებს. თბილისსა და ვარშავას შორის ავიარეისები 4 სექტემბრის ჩათვლით კვირაში ერთხელ, შაბათობით შესრულდება, ასევე დამატებითი ფრენა განხორციელდება 23 აგვისტოს Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით.
ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 12 აგვისტოს მიანიჭა.
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ დროისათვის რეისების 88% აღდგა.
სააგენტოს ცნობით, საქართველოს ავიაბაზარზე 39 ავიაკომპანია მუშაობს, ფრენები 77 მიმართულებით და კვირაში 385-405 სიხშირით ხორციელდება.