ციხეებში მსჯავრდებულთა ნახევარზე მეტი ვაქცინირებულია

ვაქცინაციის თვალსაზრისით პენიტენციურ სისტემაში ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, აღნიშნა პაატა იმნაძემ.
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ციხეებში 9.300 მსჯავრდებულიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით აცრილია 5.718 ადამიანი (61%), განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ პენიტენციურ სისტემაში არსებული სიტუაციის კომენტარისას.
იმნაძის თქმით, ვაქცინის ორი დოზა მსჯავრდებულთა 39%-ს აქვს მიღებული.
რაც შეეხება ციხეების ადმინისტრაციასა და პერსონალს, 3.500 თანამშრომლიდან აცრა ჩატარებული აქვს 2.423 ადამიანს (69%), ვაქცინის ორი დოზით კი აცრილია 1.833 ადამიანი (59%). 
იმნაძე: „დელტა“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ამიტომ მაშინვე ჩაიტარეთ ტესტი
„შემიძლია ვთქვა, რომ ამ სისტემაში ყველაზე მეტი ვაქცინირებულია. ეს მაჩვენებელი შეიძლება ექიმებს შევადაროთ – დღეს ექიმების 64%-ზე მეტია აცრილი და პენიტენციურ სისტემაშიც დაახლოებით ანალოგიური მოცვაა. საუბარია როგორც თანამშრომლებზე, ისე პატიმრებზე“, – განაცხადა იმნაძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოში ამ დროისთვის ხელმისაწვდომია ოთხი სახის ვაქცინა: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac.
მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჩინური ვაქცინების (Sinopharm და Sinovac) 1 მლნ დოზა შემოვიდა.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ბოლო მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 741.353 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 225.053 ადამიანი.