თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს „მასტერსს“ მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი იყო, რომელიც რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს. ბასილაშვილმა შეხვედრის პირველი სეტის დაძაბულ ბრძოლაში ტაი-ბრეიკზე მოიგო (7:6). მეორე და მესამე სეტში ნიკოლოზმა ტანმაღალი პოლონელის უძლიერეს ჩაწოდებებთან ვეღარაფერი მოახერხა და ორივე შემთხვევაში თითო წაგებული ბრეიკით დამარცხდა (4:6, 4:6).
ბასილაშვილმა შეხვედრაში სულ 11 ეისი ჩააწოდა, მაგრამ რვა ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველი მოწოდების სიზუსტე კი მხოლოდ 39 პროცენტი ჰქონდა, შვიდი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ერთი გამოიყენა. რაც შეეხება ჰურკაჩს მან 22 ეისი მოაგროვა და რვიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
საბოლოოდ ბასილაშვილმა, რომელმაც მანამდე ამერიკელ ბრუკსბსა და ავსტრალიელ დე მინორს აჯობა, ტორონტოში გამოსვლა თითქმის სამსაათიანი მატჩის შემდეგ დაასრულა. ჰურკაჩის შემდეგი მეტოქე მომდევნო ეტაპზე რუსი დანილ მედვედევი იქნება.