თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნეს-ცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში შესვლას შეძლებენ მხოლოდ აცრილი პირები ან ის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ინიციატივით საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოვიდა.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელ სხდომაზე საკოორდინაციო საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნეს-ცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე“, –განაცხადა ღიბრაძემ.
უახლოეს დროს საბჭო ამ რეკომენდაციას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.