თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი ნიკა ჭეჟია თანამდებობიდან გადადგა, ის საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდება. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
ჭეჟიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მან ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიიღო.
„დავტოვე ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის თანამდებობა. ჩემი ეს ნაბიჯი დიდი ხნის ფიქრის შედეგია, დროა ჩვენი ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდეს“, – დაწერა ჭეჟიამ.
მისი თქმით, ქვეყნის მშენებლობისთვის „აუცილებელია ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი“, რაც, მისი აზრით, გახარიას გუნდის ძირითადი ფასეულობებია.
დღეს ასევე დატოვა სამუშაო ადგილი კასპის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა გიორგი თაბუაშვილმა. ისიც გახარიას პარტიას შეუერთდა.
პარტია „საქართველოსთვის“ გახარიამ 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.
გამოკითხვების შედეგებით, ამჟამად გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია.