რატომ დააჯარიმა სემეკმა „თელმიკო“ „თელასი“ და GWP

კომპანიები სემეკმა აბონენტებისთვის არაზუსტად განხორციელებული დარიცხვებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ („თელმიკო") და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) თითოეული 75 ათასი ლარით, ხოლო „თელასი“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თელმიკოსა“ და „თელასის“დაჯარიმების მიზეზი თბილისში აბონენტებზე ელექტროენერგიის გადასახადის სისტემურად არაზუსტად განხორციელებული დარიცხვები გახდა.
„თელმიკოს“ არასწორი დარიცხვები: სემეკი კომპანიის წინააღმდეგ საჩივრებს განიხილავს
2021 წლის 1 ივლისიდან თბილისში „თელასის” ნაცვლად მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას „თელმიკო“ აწვდის. „თელასს“ დაევალა 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ხარჯების დაფიქსირება და მომხმარებლებისთვის შესაბამისი ქვითრების წარდგენა.
„თელმიკოსა“ და „თელასის“ მიერ მოქალაქეთა უფლებების დარღვევის შესახებ სემეკში არაერთი საჩივარი შევიდა, რომლებიც უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვას.
მოკვლევის შემდეგ სემეკმა კომპანიებს დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადები განუსაზღვრა. ამასთანავე, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს დაევალათ მოქალაქეებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება.
რაც შეეხება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, წყალგამანაწილებელი კომპანია სემეკმა სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა.
უწყების ცნობით, დაჯარიმების საფუძველი კომპანიის მიერ მრიცხველის ჩვენებების არარეგულარული წაკითხვა და მოქალაქეებზე გადასახადის ერთიანად დარიცხვა გახდა, რაც წარმოადგენს წესების დარღვევას.
თუ „თელმიკომ“ ზედმეტი თანხა დაგარიცხათ: სემეკი განცხადებას ავრცელებს
სემეკში შესული მოქალაქეთა საჩივრების თანახმად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მრიცხველის ჩვენებებს იღებდა არა ყოველთვიურად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, რამდენიმე თვის ან/და წლის შუალედში, რის გამოც აბონენტებს ერთიანად უწევდათ რამდენიმე თვის გადასახადის გადახდა. ამასთანავე მომხმარებლები საჩივრებში მიუთითებდნენ, რომ 2021 წელს კომპანიის მიერ აღებულ რეალურ ჩვენებებში შესული იყო 2020 წელს მოხმარებული წყლის მოცულობებიც, რომლებიც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაანგარიშდა ახალი ტარიფით და არა 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ტარიფით.
სემეკის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მსგავსი ტიპის დარღვევებს.
კომპანიების მხრიდან დარღვევების განმეორების შემთხვევაში კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე.