რამდენი თავისუფალი კოვიდ-საწოლია საქართველოში – ტიკარაძის განმარტება

ქვეყანაში ამჟამად თითქმის 48 ათასი აქტიური შემთხვევაა. აქედან 38 ათასი პაციენტი მკურნალობას საცხოვრებელ ბინაზე ოჯახის ექიმის კონსულტაციით გადის.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის ამჟამად თავისუფალია 500-მდე საწოლი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე.
კოვიდ-ინფიცირებული პირებისთვის ახალი პორტალი ამოქმედდა
ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო რეგიონში არსებულ ეპიდვითარებას. ის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში ამჟამად თითქმის 48 ათასი აქტიური შემთხვევაა. აქედან 38 ათასი პაციენტი მკურნალობას საცხოვრებელ ბინაზე ოჯახის ექიმის კონსულტაციით გადის. მობილიზებულია 8 ათასამდე კოვიდ-საწოლი. პაციენტების კიდევ ერთი ნაწილი კოვიდ-სასტუმროებშია.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ამჟამად ოჯახის ექიმების რაოდენობა ყოველდღიურად 40 სპეციალისტით იზრდება.
„გთხოვთ მოუხმეთ გონებას“ - მეუფე მელქისედეკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
„აჭარაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ვიზიტის მიზეზიც აქედან გამომდინარეობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კარგად ხდება პაციენტების მართვა აჭარაში და საწოლფონდის მობილიზაცია არის მაქსიმალური. ჩემი და ჩემი მოადგილის მხრიდან დამატებით გაიმართება შეხვედრები კლინიკურ ჯგუფთან, რისი მიზანიცაა ე.წ. პაციენტების ბრუნვის მაჩვენებლის გაუმჯობესება და ასევე ჩვენ გვექნება შეხვედრები სასტუმრო „სექტორთან“, ვინაიდან ამოცანა და მიზანი არის, რომ მოხდეს პაციენტების დროული გაწერა და გადაყვანა მათი საავადმყოფოებიდან სასტუმროებში, სადაც ასევე არიან ექიმები“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, დღეს აჭარის კოვიდ-სასტუმროებში მობილიზებულია 200-მდე ექიმი და 300-მდე ექთანი.
გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 5.128 ახალი შემთხვევიდან 811 აჭარაში დაფიქსირდა, სადაც საზაფხულო ტურისტული სეზონის პიკია.