თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების ტენდენცია გაგრძელდება, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება, ასევე საველე გადაწყვეტა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, მძიმე ეპიდვითარების ფონზე საწოლფონდის რაოდენობა იწურება, ამიტომ ქვეყანაში ხდება დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება.
„საუბარი მიდის იმაზე, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია. 8.000 არის ჩვენი მაქსიმუმი, საწოლფონდის ის რაოდენობაა, რაც შეგვიძლია გამოვყოთ ჰოსპიტალური სექტორიდან. ამას კიდევ დაემატება სასტუმროების რაოდენობაც. დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია, წინასწარ ვარაუდის დონეზე იქნება, მაგრამ მომდევნო დღე ამის სურათს აქტიურად გამოაჩენს“, – განაცხადა გაბუნიამ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.352-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 461.198-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 48 ადამიანი.