თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ევროკომისიამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი ქვეყნისთვის კორონავირუსთან ბრძოლისთვის გამიზნული დახმარება 40 მილიონიდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა, ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 35 მილიონით გაზრდილ დახმარებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისთვის მიიღებენ აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
„ევროკავშირი მოწოდებულია მხარი დაუჭიროს ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებს ვაქცინაციის დასაჩქარებლად, რადგან ეს გადამწყვეტი იქნება პანდემიის დასრულებისთვის და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის დასაწყებად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებზე“, – განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ.
გამოყოფილი 35 მილიონი დახმარების პირველი 40 მილიონი ევროს პაკეტის დამატებაა, რომელიც თებერვალში გამოიყო მოსახლეობის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციის მომზადების გასაუმჯობესებლად.
ევროკავშირს მხარდაჭერა მოიცავს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ვაქცინებისა და მარაგების მიწოდებისა და მართვის ძირითად ლოგისტიკურ მხარდაჭერას, ვაქცინაციის მონაცემებისა და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციას და საზოგადოების ჩართულობას, ასევე ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის განვითარების მხარდაჭერას.