თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. მცხეთა-მთიანეთში ამ ეტაპზე სოფლის 11 ამცრელი ამბულატორია მოქმედებს, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, სოფლიდან გაუსვლელად ჩაიტარონ ვაქცინაცია, ნათქვამია მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადმინისტრაციის ცნობით, სოფლის ამბულატორიებში მოქალაქეებს აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით Sinopharm-ითა და Sinovac-ით შეუძლიათ.
მცხეთა-მთიანეთის ოთხ მუნიციპალიტეტში არსებული ამცრელი ამბულატორიები ჯამში 97 სოფელს ემსახურება. საჭიროებიდან გამომდინარე სოფლის ამბულატორიების დამატება ეტაპობრივად მოხდება.
საქართველოში ამ დროისთვის ხელმისაწვდომია ოთხი სახის ვაქცინა: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac. მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩინური ვაქცინების (Sinopharm და Sinovac) 1 მლნ დოზა შემოვიდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.352-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 461.198-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 48 ადამიანი.