სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეებს ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარება

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს მოქალაქეებს აიცრან და ამით გადაარჩინონ  საკუთარი და სხვისი სიცოცხლე.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მზად არიან იმ მოქალაქეებს დაეხმარონ, რომლებიც დამოუკიდებლად COVID-19 -ის საწინააღმდეგო  ვაქცინებზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და აცრის სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოქალაქეების დასახმარებლად და ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მზად არის დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის პროცესში დაეხმაროს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს  ყველას აცრისკენ საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.
აჭარაში 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეთა 8% სრულად ვაქცინირებულია
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 664.997ადამიანი, ორი დოზით – 204.234.
საქართველოში ხელმისაწვდომია ოთხი სახის ვაქცინა: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ გვერდზე booking.moh.gov.ge ან ცხელ ხაზზე 1522. ამ დროისთვის ოთხივე ვაქცინაზე რეგისტრაცია ღიაა.
მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩინური ვაქცინების (Sinopharm და Sinovac) 1 მლნ დოზა შემოვიდა.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ მონაცემებს.