თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ქუთაისის კლინიკა „ბომონდში" კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი აცხადებს, კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში 30 ივლისს შეიყვანეს. ორსულს შესვლისთანავე სუნთქვის მწვავე უკმარისობა და პნევმონია აღენიშნებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი 28-29 კვირის ორსული იყო. სპეციალისტების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.697-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 455.846-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 54 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.182-ს მიაღწია.