პარტია „მოქალაქეები“ არჩევნებზე აქცენტს თბილისზე გააკეთებს

პარტიამ გადაწყვიტა, რომ კანდიდატები მთელი საქართველოს მასშტაბით არ წარადგინოს. ის ძირითადად თბილისისა და ქუთაისის საკრებულოებში ადგილებისთვის იბრძოლებს.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტია „მოქალაქეები“ ძირითად აქცენტს თბილისზე გააკეთებს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
არჩევნები 2021: ცესკომ პარტიების რიგითი ნომრები გამოაქვეყნა
„კონცენტრირებული ვიქნებით ძირითადად თბილისში. გვეყოლება ძირითადად ქალი კანდიდატები, ძალიან მებრძოლი, ურბანული საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ, რომ შევიდნენ თბილისის საკრებულოში“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, პარტია ასევე იბრძოლებს ადგილებისთვის ქუთაისის საკრებულოში.
„სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გვექნება ჩვენი საარჩევნო პროგრამის და საარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია. გვექნება ძალიან საინტერესო და განსხვავებული კამპანია“, – აღნიშნა იოსელიანმა.
თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატია. აქედან ათს მაჟორიტარული, ხოლო 40-ს – პროპორციული სისტემით აირჩევენ.