თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ამოცანა უახლოეს წლებში იქნება დიასპორის წარმომადგენელთა ჩართვა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას.
„ჩვენთვის დიასპორებთან ურთიერთობა მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი ამოცანაა საქართველოსთან ჩვენი თანამემამულეების მყარი ურთიერთობების განვითარება და მათი დახმარება კულტურული თვითმყოფადობისა და იდენტობის შენარჩუნებაში. ამისთვის მათ ჩავრთავთ სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ამ დროისათვის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, მათ შორის, ქართული ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლების მხარდაჭერას.
გარდა ამისა, დიასპორების წარმომადგენელთათვის სპეციალური საგრანტო პროგრამა ხორციელდება.
დღეისათვის გრანტები გაიცემა უცხოეთში მოქმედი ქართული ანსამბლების განვითარებაზე, საქართველოსთან კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცების ინიციატივების რეალიზებასა და ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერაზე.
2030 წლამდე ქვეყნის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში დაგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე დაიწყო, აგვისტოს ბოლომდე ყველა უწყებამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი სფეროების განვითარების გეგმა. სექტემბერში კონსულტაციები დაიწყება, 2030 წლამდე ქვეყნის განვითარების საერთო გეგმის წარდგენა კი არჩევნების დღის შემდეგ მოხდება.
არჩევნების წინ სამოქმედო პროგრამების წარდგენის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და პოპულიზმი უწოდეს.