თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ღონისძიებები გაუქმდა ქვეყანაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.
„პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.236-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 450.149-ს მიაღწია. გარდაიცვალა 44 ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 6.128-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40.233 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.641 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.552 ადამიანი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 293 პირი.
9 აგვისტოდან საქართველოში კვლავ სავალდებულო გახდა პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ღია სივრცეებში, სადაც ხუთი და ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება. ასევე მკაცრდება კონტროლი ქორწილების, ქელეხების, დაბადების დღეების და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე, ასევე გამკაცრდება ღამის კლუბების და ღამის საათებში რესტორნების მუშაობის აკრძალვის აღსრულება.