ოთბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ოპოზიცია საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის დაპირებას ადგილობრივი არჩევნებისთვის ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამიზნულ სვლად აფასებს, მთავრობაში კი ირწმუნებიან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არჩევნებს არ უკავშირდება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დააანონსა, რომ იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება, მათ შორის, გაორმაგდება მერების ხელფასები.
„ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა, რაც თავისი არსით არის ნეპოტიზმის მანქანის კიდევ უფრო ზრდა და ადმინისტრაციული რესურსების შემოკრება იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ მოიგოს არჩევნები ამ ადამიანების გამოყენებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ნონიაშვილმა.
აღნიშნულს კატეგორიულად არ ეთანხმება ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
„ახლა ვიწყებთ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას, შესაბამისად, ყველა ის საკითხი, რომელიც საბოლოოდ შეთანხმებული და მიღებული იქნება, უნდა იყოს გამყარებული საბიუჯეტო დაფინანსებით“, – განაცხადა ხუციშვილმა.
საქართველოში საჯარო მოხელეების ხელფასი მათ კლასზეა დამოკიდებული, მოხელეთა სულ 12 კლასი არსებობს.
მანამდე ფინანსთა სამინისტრომ საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდის სქემის შემუშავება დააანონსა, რომელიც პენსიების ინდექსაციის მსგავსი იქნება. გასული წლიდან კანონში გაიწერა პენსიების ყოველწლიური მომატება, რომელიც ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე იქნება მიბმული.
ფინანსთა სამინისტრო 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტს შემოდგომის დასაწყისში წარმოადგენს. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის მიღება მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგმება.