თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ორთაჭალაში მდებარე ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კულტურული ცენტრი გაიხსნება – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოსთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ადგილი, „რომელიც ნეგატიური და მძიმე ისტორიებით დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას, კულტურის მოღვაწეთა და ახალგაზრდობის შეკრების აქტიური კერა გახდება“.
„მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობას ნებისმიერი ხელოვანი შეძლებს. პროფესიულ თუ მოყვარულ დასებს როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან საშუალება ექნებათ ისარგებლონ სარეპეტიციო სივრცით, გამართონ სპექტაკლები, კონცერტები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
კულტურული ცენტრი სამშაბათს, 10 აგვისტოს გაიხსნება მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის სპექტაკლით „მარინა რევია“ (რეჟისორი გოჩა ხვიჩია). სპექტაკლის ჩვენებას კულტურის სფეროს მოწვეული წარმომადგენლები დაესწრებიან.